logo
ENG



IDF-ში აცხადებენ, რომ ღაზასთან სასაზღვრო ღობეზე "მეტ-ნაკლებად" სრული კონტროლი აღადგინეს

10 ოქტ 202309:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/qexlw8fsi9w41ei.jpg

ვიცე-პოლკოვნიკის, რიჩარდ ჰეხტას განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორთან სასაზღვრო ღობეზე "მეტ-ნაკლებად" კონტროლი აღადგინეს.

"ჩვენ მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ სრული კონტროლი სასაზღვრო ღობეზე. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში ეს სრუოლად მოხდება", - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ჰეხტას განმარტებით, ისრაელის ძალებმა უზრუნველყვეს საზღვრის მიმდებარე დასახლებების უსაფრთხოება და თითქმის დაასრულეს ევაკუაცია ამ მხარეში.

მანვე დაამატა, რომ საადისა და კისუფის კომუნებში ორი მცირე სროლა მოხდა.

ამასთან, ცაჰალში აცხადებენ, რომ ღამით ღაზის სექტორში 200 სამიზნე გაანადგურეს. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ სხვა სამხედრო ობიექტებს შორის იყო იარაღის საწყობი მეჩეთში და ბინა, რომელსაც ჰამასი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის იყენებდა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  ისრაელში აცხადებენ, რომ პირველი თავდასხმისას 2200-მდე რაკეტა იყო.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 


close დახურვა